საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es26 გვ. 37-46
  • აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრილი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026
  • ქვესათაურები
  • ოთხშაბათი, 1 აპრილი
  • ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
    მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები
    ხუთშაბათი, 2 აპრილი
  • პარასკევი, 3 აპრილი
  • შაბათი, 4 აპრილი
  • კვირა, 5 აპრილი
  • ორშაბათი, 6 აპრილი
  • სამშაბათი, 7 აპრილი
  • ოთხშაბათი, 8 აპრილი
  • ხუთშაბათი, 9 აპრილი
  • პარასკევი, 10 აპრილი
  • შაბათი, 11 აპრილი
  • კვირა, 12 აპრილი
  • ორშაბათი, 13 აპრილი
  • სამშაბათი, 14 აპრილი
  • ოთხშაბათი, 15 აპრილი
  • ხუთშაბათი, 16 აპრილი
  • პარასკევი, 17 აპრილი
  • შაბათი, 18 აპრილი
  • კვირა, 19 აპრილი
  • ორშაბათი, 20 აპრილი
  • სამშაბათი, 21 აპრილი
  • ოთხშაბათი, 22 აპრილი
  • ხუთშაბათი, 23 აპრილი
  • პარასკევი, 24 აპრილი
  • შაბათი, 25 აპრილი
  • კვირა, 26 აპრილი
  • ორშაბათი, 27 აპრილი
  • სამშაბათი, 28 აპრილი
  • ოთხშაბათი, 29 აპრილი
  • ხუთშაბათი, 30 აპრილი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა – 2026
es26 გვ. 37-46

აპრილი

ოთხშაბათი, 1 აპრილი

მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს მიიღებს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს (იოან. 6:40).

მარადიული სიცოცხლის მისაღებად ჩვენც უნდა ვიწამოთ, რომ იესოს ხორცსა და სისხლს გამოსყიდვის ძალა აქვს (ეფეს. 1:7). შესაბამისად, იესოს სიტყვები ყურად უნდა იღონ როგორც ცხებულებმა, ისე მათ, ვისაც იესომ „სხვა ცხვარი“ უწოდა (იოან. 10:16). ფაქტია, „სხვა ცხვარი“ უფლის გახსენების საღამოზე არ იღებს სიმბოლოებს, პურსა და ღვინოს. თუმცა მათ სწამთ, რომ იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს (იოან. 6:53). ამიტომ მისი სისხლი და ხორცი მათ კეთილდღეობასაც მოემსახურება. ცხებულები კი ამ სიმბოლოებს იმის ნიშნად იღებენ, რომ მათთან „ახალი შეთანხმება“ დაიდო და ზეციერ სამეფოში მმართველობის იმედი აქვთ. ამგვარად, მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭიროა, განურჩევლად ყველამ გამოვავლინოთ რწმენა. w24.12 13 ¶14, 16

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) მათე 26:1–5, 14–16; ლუკა 22:1–6

ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝ
მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები
ხუთშაბათი, 2 აპრილი

ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან მამათქვენმა თქვენთვის მოისურვა სამეფოს მოცემა (ლუკ. 12:32).

როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, მან მოციქულებს ხმიადი გადააწოდა და უთხრა, რომ ეს მის სხეულს განასახიერებდა. შემდეგ კი, როცა ღვინო მიაწოდა, აღნიშნა, რომ ის შეთანხმების სისხლის სიმბოლო იყო (მარ. 14:22–25; ლუკ. 22:20; 1 კორ. 11:24). ახალი შეთანხმება „სულიერ ისრაელთან“ ანუ მათთან დაიდო, ვინც ღვთის სამეფოში იესოსთან ერთად იმმართველებდა (ებრ. 8:6, 10; 9:15). გახსენების საღამოს დაწესების დროს იესოს მხედველობაში „მცირე სამწყსო“ ჰყავდა, რომელიც მასთან ერთად ზეცაში იქნებოდა. ამ ჯგუფის პირველი წარმომადგენლები ის ერთგული მოციქულები იყვნენ, რომელიც იესოს იმ მომენტში გვერდით ჰყავდა. w24.12 11 ¶9, 10

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) მათე 26:17–19; მარკოზი 14:12–16; ლუკა 22:7–13 (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) იოანე 13:1–5; 14:1–3

პარასკევი, 3 აპრილი

ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს (იოან. 3:16).

რისი ატანა მოუწია იესოს სიკვდილამდე? ის გასცეს და შეიპყრეს, შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცილს სწამებდნენ. ბოლოს კი სასამართლოს წინაშე წარადგინეს, აწამეს და რომაელ ჯარისკაცებს გადასცეს, რომლებმაც ის ძელზე გააკრეს. მართლაც რამხელა ტანჯვის ატანა მოუწია იესოს. თუმცა ამ დროს მისი მამა კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა. მაშ, რატომ შეიკავა თავი მოსიყვარულე მამამ შვილის ტანჯვის შეჩერებისგან, როცა ამის ძალა შესწევდა? იმიტომ, რომ ძალიან უყვარდა ადამიანები. მართლაც რამდენი რამ აიტანა იეჰოვამ იმისთვის, რომ ცოდვისა და სიკვდილისგან დავეხსენით! (1 იოან. 4:9, 10). განა ეს იმის უდიდესი დასტური არ არის, რომ იეჰოვას პირადად თქვენც უყვარხართ და სურს, გაგამარჯვებინოთ ცოდვასთან ბრძოლაში?! w24.08 6 ¶13, 14

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) იოანე 19:1–42

შაბათი, 4 აპრილი

ქრისტე ეტანჯა თქვენთვის (1 პეტ. 2:21).

თუ დავფიქრდებით, რის ფასად დაუჯდა იეჰოვას გამოსასყიდის გაღება, უკეთ ჩავწვდებით, რამდენად ვუყვარვართ. მას მოუწია, თავისი ძის მტანჯველი სიკვდილისთვის ეყურებინა. რატომ გახდა ეს საჭირო? სატანა ამტკიცებს, რომ როცა ერთგულების შენარჩუნება რთული იქნება, იეჰოვას ნებისმიერი მსახური ზურგს შეაქცევს მას. სწორედ ამ ბრალდების გასაბათილებლად დაუშვა იეჰოვამ თავისი ძის მტანჯველი სიკვდილი (იობ. 2:1–5). ის უყურებდა, როგორ იგდებდნენ აბუჩად იესოს იუდეველები, როგორ გაშოლტეს და როგორ გააკრეს ძელზე ის რომაელმა ჯარისკაცებმა. იმასაც ხედავდა, ძელზე გაკრულს რამხელა ტანჯვის ატანა მოუწია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (მათ. 27:28–31, 39). იეჰოვას ნებისმიერ მომენტში შეეძლო თავისი ძის ტანჯვის შეჩერება (მათ. 27:42, 43). მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. ამ შემთხვევაში ხომ გამოსასყიდი გადაუხდელი დარჩებოდა, ჩვენ კი სრულიად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. w25.01 22 ¶7

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) მათე 27:62–66 (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) იოანე 20:1

კვირა, 5 აპრილი

40 დღე ეცხადებოდა მათ (საქ. 1:3).

დგას ახ. წ. 33 წლის 16 ნისანი. იესოს ორი მოწაფე იერუსალიმიდან ემაუსისკენ მიმავალ გზას ადგება. მათ გზად ერთი უცნობი კაცი ხვდება. ისინი უყვებიან მას, რაც იესოს დაემართა. ამის შემდეგ მოწაფეები ისეთ რამეს ისმენენ, რაც არასდროს დაავიწყდებათ. ეს მამაკაცი ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან უმარტავს მათ, რომ მესია უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო. ემაუსში მისვლისას კი ის მათ უმჟღავნებს, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესოა (ლუკ. 24:13–35). დედამიწაზე ყოფნის ბოლო 40 დღის მანძილზე იესო არაერთხელ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. ამ დროის განმავლობაში ის დაეხმარა მათ, სიხარული დაებრუნებინათ და გაბედულად შესდგომოდნენ სამეფოს ცნობის გაცხადებასა და სხვებისთვის სწავლებას. w24.10 12 ¶1–3

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) იოანე 20:2–18

ორშაბათი, 6 აპრილი

განიმტკიცეთ თავი თქვენი უწმინდესი რწმენით (იუდ. 20).

ფიზიკური ზრდა ავტომატური პროცესია, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სულიერ ზრდაზე. მაგალითად, კორინთელმა და-ძმებმა მოისმინეს სასიხარულო ცნობა, ირწმუნეს, მოინათლნენ და წმინდა სულიც მიიღეს. მათ მოციქული პავლესგანაც ბევრი რამ ისწავლეს (საქ. 18:8–11). თუმცა წლების გასვლის შემდეგ ზოგიერთი მათგანი ჯერაც არ იყო სულიერად მოწიფული (1 კორ. 3:2). რა არის საჭირო, რომ მოწიფული ქრისტიანები გავხდეთ? პირველ რიგში, სურვილი. ისინი, ვისაც არ ადარდებთ, რომ „გამოუცდელები“ ანუ სულიერი გაგებით ჩვილები არიან, სულიერად ვერ გაიზრდებიან (იგავ. 1:22). არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ, ვინც ზრდასრულობის ასაკშიც კი ვერ იღებენ მშობლებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვესმის, რომ საკუთარ სულიერ ზრდაზე თავად ვართ პასუხისმგებლები. ასე რომ, კარგი იქნება, იეჰოვას სთხოვოთ, რომ სურვილიც აღგიძრათ და მოქმედების ძალაც მოგცეთ (ფილ. 2:13). w24.04 4 ¶9, 10

სამშაბათი, 7 აპრილი

[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9).

საბედნიეროდ, ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ უდგება იეჰოვა ადამიანების გასამართლებას (ეზეკ. 33:11). იეჰოვა ხელაღებით არავის გამოუტანს საბოლოო განაჩენს. ის იმდენად გულმოწყალეა, რომ ხელიდან არ გაუშვებს ადამიანის შეწყალების შანსს. ბიბლიიდან ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი არ აღდგება. მაგალითად, იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მათ შორის იქნებოდა იუდა ისკარიოტელი (მარ. 14:21; იხილეთ აგრეთვე იოანეს 17:12). ამის მიზეზი ის იყო, რომ იუდას აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა, ვის წინააღმდეგ მიდიოდა (იხილეთ მარკოზის 3:29). იესომ თქვა, რომ ვერც ის რელიგიური წინამძღოლები აღდგებოდნენ მკვდრეთით, რომლებიც მას ემტერებოდნენ (მათ. 23:33; იხილეთ იოანეს 19:11). ხოლო მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ იგივე ელოდათ მათაც, ვინც განუდგებოდა ჭეშმარიტებას და არ მოინანიებდა (ებრ. 6:4–8; 10:29). w24.05 4 ¶10, 11

ოთხშაბათი, 8 აპრილი

იეჰოვა იცავს ერთგულებს (ფსალმ. 31:23).

თუ იეჰოვასთან ახლოს ვიქნებით, სატანა ვერ შეძლებს ჩვენთვის გამოუსწორებელი ზიანის მოყენებას (1 იოან. 3:8). ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა მხოლოდ სულიერი საფრთხისგან კი არა, სხვა მხრივაც დაგვიცავს – ის ბოლოს მოუღებს სიკვდილს (გამოცხ. 21:4). როცა ვინმე თავისთან სტუმრად გვეპატიჟება, ვცდილობთ, ისე მოვიქცეთ, როგორც მას ესიამოვნება. მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იეჰოვას კარავში სტუმრობაზეც. მისადმი სიყვარულით და მოშიშებით აღძრულები უდიდეს პატივად მივიჩნევთ მასთან სტუმრობას (ფსალმ. 25:14; ეზეკ. 37:27). ჩვენ გვინდა, მოკრძალებით ვიაროთ მის წინაშე და არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რითაც გულს ვატკენდით (მიქ. 6:8). პირიქით, ყველანაირად ვეცდებით, ვასიამოვნოთ მას (კოლ. 1:10). w24.06 4 ¶8, 9

ხუთშაბათი, 9 აპრილი

შემცოდველებს უშუამდგომლა (ეს. 53:12).

ერთხელ იეჰოვამ აბრაამს სთხოვა, რომ საკუთარი ვაჟი ისაკი შეეწირა მისთვის მსხვერპლად. აბრაამისთვის არათუ ამის გაკეთება, ალბათ წარმოდგენაც კი შემზარავი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის მზად იყო, დამორჩილებოდა იეჰოვას. თუმცა ბოლო მომენტში მან შეაჩერა ის და არ გაწირა ამ ტკივილისთვის. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, თავად რის გასაკეთებლად იყო მზად იეჰოვა ადამიანების სიყვარულის გამო – ის თავის უსაყვარლეს ძეს გაიღებდა მათთვის (დაბ. 22:1–18). ისრაელი ერის ჩამოყალიბების შემდეგ იეჰოვამ მათ კანონი მისცა, რომელიც ცოდვების მისატევებლად მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა (ლევ. 4:27–29; 17:11). ეს მსხვერპლი უკეთეს მსხვერპლზე მიანიშნებდა, რომელიც კაცობრიობას სრულად დაიხსნიდა ცოდვისგან. წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა, რომ ეს იქნებოდა აღთქმული შთამომავალი, რომელსაც ტანჯვის ატანა მოუწევდა (ეს. 53:1–12). w24.08 4 ¶7, 8

პარასკევი, 10 აპრილი

როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე (ფსალმ. 119:97).

როცა ბიბლიას ვკითხულობთ, წაკითხული საკუთარ თავს უნდა დაუკავშიროთ. მაგალითად, დაფიქრდით: როგორ შემიძლია დღესვე გამოვიყენო ეს ინფორმაცია ან მომავალში როგორ გამომადგება? მოდი პრაქტიკულად დავინახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. დავუშვათ, კითხულობთ 1 თესალონიკელების 5:17, 18-ს. ამ მუხლების წაკითხვის შემდეგ შეიძლება დაფიქრდეთ, რამდენად ხშირად და შინაარსიანად ლოცულობთ და მადლიერების რა მიზეზები გაქვთ. ამის შემდეგ კი გადაწყვიტოთ, იეჰოვას სამი კონკრეტული რამისთვის გადაუხადოთ მადლობა. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ წაკითხულს და ცხოვრებაში გამოიყენოთ. და თუ ამას ყოველდღიურ სახეს მისცემთ, უფრო მეტად შეძლებთ იეჰოვას მოსაწონად მოქცევას. w24.09 5 ¶9, 10

შაბათი, 11 აპრილი

ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც გვიშრომია, და მიიღებთ სრულ საზღაურს (2 იოან. 8).

იეჰოვამ გასაოცრად შეგვქმნა. მართალია, მიღებაც გვანიჭებს სიხარულს, მაგრამ გაცილებით ბედნიერები მაშინ ვართ, როცა თავად ვავლენთ ხელგაშლილობას. ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს, როცა დახმარების ხელს ვუწვდით თანამორწმუნეებს და მადლიერების სიტყვების მოსმენაც გულს გვითბობს. და მაინც, ჩვენი ბედნიერება იმაზე არ არის დამოკიდებული, გამოხატავენ თუ არა ჩვენ მიმართ მადლიერებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას იმაზე გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ჩვენ ვიღებთ სხვებისთვის (2 მატ. 25:9). განა რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ თავად იეჰოვა გადაგვიხდის სიკეთისთვის?! ამიტომ კვლავაც მიჰბაძეთ ზეციერ მამას და იყავით ხელგაშლილები. w24.09 31 ¶20, 21

კვირა, 12 აპრილი

მთელი გულით გასხამ ხოტბას, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს (ფსალმ. 86:12).

იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია (ფსალმ. 103:13; ეს. 49:15). შედის ჩვენს მდგომარეობაში და ჩვენი ტკივილი მისი ტკივილია (ზაქ. 2:8). ის გვეხმარება, რომ დავუმეგობრდეთ (ფსალმ. 25:14; საქ. 17:27). თანაც თავმდაბალია. მასზე ნათქვამია: „დაბლა იხრება, რომ გადმოხედოს ცასა და მიწას; საწყალს მტვრიდან აყენებს“ (ფსალმ. 113:6, 7). მართლაც შეუძლებელია, არ გვიყვარდეს ასეთი ღმერთი და მისი განდიდების სურვილი არ გვქონდეს! ჩვენ მისი სახელის განწმენდის სურვილიც გვაქვს. დღეს ბევრმა არ იცის სიმართლე იეჰოვას შესახებ. რა გახდა ამის მიზეზი? სატანამ არაერთი საშინელი სიცრუე დააჯერა ხალხს ღმერთზე (2 კორ. 4:4). მან ისინი დაარწმუნა, რომ ღმერთი შურისმგებელია, არ ადარდებს ხალხი და მათ ტანჯვას იწვევს. თუმცა ჩვენ ვიცით, როგორია იეჰოვა სინამდვილეში და უდიდეს პატივად მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია ეს სხვებსაც გავაგებინოთ (ეს. 43:10). w25.01 3 ¶6, 7

ორშაბათი, 13 აპრილი

[სატანას] შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო (გამოცხ. 12:9).

იესო სრულყოფილი იყო და მრავალ სასწაულს ახდენდა. მიუხედავად ამისა, სატანამ მასზე არაერთი სიცრუე გაავრცელა. მაგალითად, რელიგიური წინამძღოლები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ იესო „დემონთა მმართველის ძალით“ დევნიდა დემონებს (მარ. 3:22). ხოლო როცა ასამართლებდნენ, იესოს ღვთის გმობაში დასდეს ბრალი და ხალხიც წააქეზეს, რომ მისი სიკვდილი მოეთხოვათ (მათ. 27:20). მოგვიანებით იუდეველებმა ქრისტეს მიმდევრების წინააღმდეგაც განაწყვეს ხალხი (საქ. 14:2, 19). საქმეების 14:2-თან დაკავშირებით 1998 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ იუდეველები მხოლოდ თავად კი არ უარყოფდნენ სასიხარულო ცნობას, არამედ ცილისწამებასაც მიმართავდნენ, რათა უცხოტომელებიც აემხედრებინათ ქრისტიანების წინააღმდეგ. სატანას დღემდე „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. w24.04 11 ¶15, 16

სამშაბათი, 14 აპრილი

განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?! (დაბ. 18:25).

არის კი ადამიანის გადარჩენა იმაზე დამოკიდებული, „დიდ გასაჭირამდე“ დაიღუპება თუ არა? რა თქმა უნდა, არა. ეჭვი არასდროს შეგეპაროთ იმაში, რომ „მთელი დედამიწის მოსამართლე“ უსამართლოდ არასდროს მოიქცევა (ფსალმ. 33:4, 5). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადამიანი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სასიხარულო ცნობას ვერ მოისმენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ მიეცემა გადარჩენის შესაძლებლობა. წარმოუდგენელია, იეჰოვამ ავტომატურად მიაკრას „თხის“ იარლიყი ასეთ ქვეყნებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს (მათ. 25:46). ჩვენ თუ გვაღელვებს მათი მომავალი, მით უმეტეს, იეჰოვას. თანაც ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმართავს ის მოვლენებს „დიდი გასაჭირის“ დროს. შესაძლოა ზოგ ასეთ ადამიანს იმის შესაძლებლობაც მიეცეს, რომ გაიცნოს ზეციერი მამა და ირწმუნოს ის. და როცა იეჰოვა თავის სახელს განწმენდს, ისიც იმ ადამიანებს შორის იყოს, რომლებიც მის მხარეს იქნებიან (ეზეკ. 38:16). w24.05 12 ¶14, 15

ოთხშაბათი, 15 აპრილი

გიყვარდეთ ერთმანეთი (იოან. 15:12).

ღვთის მსახურებს სიამოვნებას გვანიჭებს ერთმანეთის დახმარება (2 კორ. 8:4). თუმცა და-ძმებს რომ მხარში ამოვუდგეთ, ზოგჯერ გაბედულება გვჭირდება. მაგალითად, საომარი ვითარების დროს უხუცესებს სიყვარული აღძრავთ, თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდონ, რათა გაამხნეონ თანაქრისტიანები და მათ სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე იზრუნონ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მივყვეთ ფილიალიდან მიღებულ მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს ერთობას შეექმნას საფრთხე (ებრ. 13:17). უხუცესებმა რეგულარულად უნდა გადახედონ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით ორგანიზაციის მითითებებს და თავიანთი კრებისთვის შემუშავებულ გეგმას (1 კორ. 14:33, 40). გამოიჩინეთ სიფრთხილე (იგავ. 22:3). მართალია, გაბედულება მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ საღი აზრი არ დავკარგოთ და არასაჭირო რისკებზე არ წავიდეთ. მიენდეთ იეჰოვას. მას სთხოვეთ დახმარება, რომ თავი გაართვათ დავალებულ საქმეს. w24.07 4 ¶8; 5 ¶11

ხუთშაბათი, 16 აპრილი

გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას . . . მომისმინა, როცა შველას შევთხოვდი (ფსალმ. 18:6).

მეფე დავითი ყოველთვის ენდობოდა იეჰოვას და ხედავდა კიდეც მის ხელს თავის ცხოვრებაში. როცა მოსაკლავად დასდევდნენ, იეჰოვას მიმართავდა ლოცვით და ისიც იხსნიდა მას. ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილების ფონზე დავითმა თამამად თქვა: „ცოცხალი ღმერთია იეჰოვა!“ (ფსალმ. 18:46). ფაქტია, ამ სიტყვებით დავითს იმის თქმა არ სურდა, რომ ღვთის არსებობის სწამდა. როგორც ერთ ნაშრომშია ნათქვამი, დავითმა იმას გაუსვა ხაზი, რომ „იეჰოვა ყოველთვის მხარში უდგას თავის ხალხს“. ამის ცოდნა დავითს იეჰოვას განდიდების სურვილს აღუძრავდა და იმის ძალას აძლევდა, რომ არ შეეწყვიტა მისი მსახურება (ფსალმ. 18:28, 29, 49). რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია? იმიტომ რომ ეს სირთულეების ატანის ძალას მოგვცემს და ძლიერ სურვილს აღგვიძრავს, ბოლომდე დავიხარჯოთ იეჰოვასთვის. თანაც არაფერს მივცემთ იმის უფლებას, რომ მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. w24.06 20, 21 ¶3, 4

პარასკევი, 17 აპრილი

არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში (2 თეს. 2:3).

თესალონიკელებისთვის მიცემული პავლე მოციქულის რჩევა ჩვენთვისაც საყურადღებოა. ჩვენც გვმართებს გამჭრიახობის გამოვლენა, თუ რაიმე სენსაციურ ამბავს ან ისეთ რამეს გავიგებთ, რაც არ შეესაბამება ბიბლიიდან ნასწავლს. ვნახოთ, რა მოხდა საბჭოთა კავშირში. ერთხელ მთავრობის წარმომადგენლებმა ჩვენს ძმებს, თითქოსდა, მთავარი სამმართველოდან გამოგზავნილი წერილი გადასცეს, რომელიც საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა. ამ წერილში იყო მოწოდება, რომ მათ ცალკე ორგანიზაცია შეექმნათ. თუმცა ერთგულ ძმებს გამჭრიახობა ეყოთ და მიხვდნენ, რომ წერილის შინაარსი არ შეესაბამებოდა იმას, რაც ბიბლიიდან ჰქონდათ ნასწავლი. ღვთის მტრები დღესაც ცდილობენ, შეცდომაში შეგვიყვანონ და ჩვენ შორის განხეთქილება ჩამოაგდონ, რისთვისაც აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუმცა, თუ მოსმენილსა და წაკითხულს ბიბლიიდან ნასწავლს შევადარებთ, ადვილად არ აგვებნევა თავგზა (2 თეს. 2:2; 1 იოან. 4:1). w24.07 12 ¶14, 15

შაბათი, 18 აპრილი

თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამავალი (1 იოან. 2:1).

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ადამიანს შეუძლია, იეჰოვასთვის თავის მიძღვნაა. ამის შემდეგ იგი მის თაყვანისმცემელთა რიგებს უერთდება. იეჰოვას სურვილია, ყველამ ეს არჩევანი გააკეთოს. მას უნდა, ადამიანებმა მასთან მეგობრობით და მარადიული ცხოვრებით გაიხარონ (კან. 30:19, 20; გალ. 6:7, 8). იეჰოვა არავის აიძულებს მის მსახურებას. ამიტომ ყველას შეუძლია, ის არჩევანი გააკეთოს, რაც სურს. თუმცა რას მოელის იეჰოვა კრებისგან, თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს და არ მოინანიებს? ის არ უნდა დატოვონ კრებაში (1 კორ. 5:13). მაგრამ იეჰოვა ამ შემთხვევაშიც არ კარგავს იმის იმედს, რომ შემცოდველი დაუბრუნდება მას. გამოსასყიდის გაღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზიც ხომ სწორედ ის იყო, რომ მას მომნანიებელი შემცოდველებისთვის ეპატიებინა. თანაც ჩვენი მოსიყვარულე მამა მთელი გულით მოუწოდებს შემცოდველებს, მოინანიონ და დაუბრუნდნენ მას (ზაქ. 1:3; რომ. 2:4; იაკ. 4:8). w24.08 14 ¶1, 2

კვირა, 19 აპრილი

თუ დაბრძენდები, გულს გამიხარებ (იგავ. 23:15).

იმ დროისთვის, როცა მოციქულმა იოანემ თავისი მესამე წერილი დაწერა, ზოგი ქრისტიანი სიცრუეს ასწავლიდა და კრებაში განხეთქილება შეჰქონდა. თუმცა ზოგი კვლავაც აგრძელებდა ჭეშმარიტების გზით სიარულს. ისინი ემორჩილებოდნენ იეჰოვას და იცავდნენ მის მცნებებს (2 იოან. 4, 6). მათი მორჩილება მხოლოდ იოანეს კი არა, იეჰოვასაც ახარებდა (იგავ. 27:11). რას ვსწავლობთ იოანეს სიტყვებიდან? ერთგულებით როგორც საკუთარ, ისე სხვების ბედნიერებას ვუწყობთ ხელს (1 იოან. 5:3). მაგალითად, გვაბედნიერებს იმის ცოდნა, რომ გულს ვუხარებთ იეჰოვას. მას კი ძალიან ახარებს, როცა ხედავს, რომ არ ვყვებით ცდუნებას და მისი სიტყვის თანახმად ვცხოვრობთ. ამის დანახვა ანგელოზებსაც ახარებთ (ლუკ. 15:10). ჩვენც გვსიამოვნებს იმის დანახვა, როგორ ინარჩუნებენ ერთგულებას სხვა ქრისტიანები (2 თეს. 1:4). ხოლო მას შემდეგ, რაც სატანის ქვეყნიერება განადგურდება, წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებას მოგვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ვუერთგულეთ. w24.11 12 ¶17, 18

ორშაბათი, 20 აპრილი

თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო (1 კორ. 10:24).

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დაკვირვების პროცესი, სანამ ვინმეს ურთიერთობას შესთავაზებთ? მარტივად რომ ვთქვათ, არც ძალიან ცოტა ხანს და არც ძალიან დიდხანს. ეს იმიტომ რომ, თუ აჩქარდებით, შეიძლება წინდაუხედავი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ (იგავ. 29:20). მაგრამ თუ ძალიან გააჯანჯლებთ, მეორე მხარე კი შენიშნავს თქვენს ინტერესს, შეიძლება ჩამოუყალიბებელ ადამიანად ჩაგთვალოთ (ეკლ. 11:4). გახსოვდეთ, ამ ეტაპზე აუცილებელი არაა, დარწმუნებული იყოთ, რომ ნამდვილად იქორწინებთ მასზე. მაგრამ იმაში კი ზუსტად უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ქორწინებისთვის მზად ხართ, და ეს ადამიანიც თქვენი შესაფერისია. თუ გრძნობთ, რომ ვინმეს სიმპათიები გაუჩნდა თქვენ მიმართ, მაგრამ თქვენ არ გსურთ მასთან ურთიერთობა, შეეცადეთ, თქვენი საქციელით ეს ნათლად დაანახვოთ. სხვა შემთხვევაში ისე გამოვა, რომ ცრუ იმედებს მისცემთ ადამიანს და მის გრძნობებზე ითამაშებთ (ეფეს. 4:25). w24.05 22, 23 ¶9, 10

სამშაბათი, 21 აპრილი

დავბრუნდები და ჩემთან წაგიყვანთ (იოან. 14:3).

იესო მხოლოდ ერთგულ ცხებულებს მისცემს ზეციერ სამეფოში მეფობის უფლებას. როდესაც ის ცხებულებს შეკრებს, ისინი, ვინც არ შეინარჩუნებენ სულიერ სიფხიზლეს, არ აღმოჩნდებიან რჩეულებს შორის (მათ. 24:31). მხოლოდ ცხებულებს კი არა, ყველას გვმართებს ბოლომდე სიფხიზლის და ერთგულების შენარჩუნება. ჩვენ კარგად ვიცნობთ იეჰოვას და ეჭვი არ გვეპარება, რომ ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ თავის რომელიმე ერთგულ მსახურს თანამედროვე დროშიც რომ სცხოს წმინდა სული, ეს ჩვენ კითხვებს არ გაგვიჩენს. კარგად გვახსოვს, რა თქვა იესომ თავის იგავში მე-11 საათზე დაქირავებულ მუშებზე (მათ. 20:1–16). მართალია, ისინი სამუშაო დღის ბოლოს მივიდნენ, მაგრამ იგივე გასამრჯელო მიიღეს, რაც ადრე მისულმა მუშებმა. მსგავსად, მნიშვნელობა არ აქვს, როდის სცხებს იეჰოვა ვინმეს წმინდა სულს, თუ ის ბოლომდე უერთგულებს მას, ზეციერ ჯილდოსაც მიიღებს. w24.09 24 ¶15–17

ოთხშაბათი, 22 აპრილი

ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).

იესომ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა უსამართლობას ვხვდებით. მას უსამართლოდ მხოლოდ უცხო ადამიანები კი არა, საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ექცეოდნენ. მაგალითად, მის ნათესავებს არ სწამდათ მისი და ამბობდნენ, ჭკუაზე შეიშალაო. რელიგიური წინამძღოლები ადანაშაულებდნენ, რომ დემონებისგან ჰქონდა მიღებული ძალა. რომაელი ჯარისკაცები კი დასცინოდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბოლოს სიკვდილითაც დასაჯეს (მარ. 3:21, 22; 14:55; 15:16–20, 35–37). თუმცა ასეთ უსამართლობას იესო არ გაუბოროტებია და არც სამაგიეროს გადახდაზე უფიქრია. რას ვსწავლობთ მისგან? (1 პეტ. 2:21–23). კონკრეტულად რას აკეთებდა იესო, როცა უსამართლობას ხვდებოდა? მან იცოდა, როდის გაჩუმებულიყო და როდის ელაპარაკა (მათ. 26:62–64). ის ხშირად უპასუხოდ ტოვებდა მისი მისამართით წარმოთქმულ ცრუ ბრალდებებს (მათ. 11:19). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პასუხის გაცემას გადაწყვეტდა, შეურაცხყოფას არ აყენებდა მდევნელებს და არც ემუქრებოდა. w24.11 5 ¶9, 10

ხუთშაბათი, 23 აპრილი

ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა (1 ტიმ. 1:15).

წარმოიდგინეთ, რომ ახლობელს ისეთ საჩუქარს უკეთებთ, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად გამოსადეგიცაა. ალბათ, როგორ დაგწყდებოდათ გული, თუ გაიგებდით, რომ მან უბრალოდ სადღაც შეინახა ეს საჩუქარი და აღარც გახსენებია მისი არსებობა. მეორე მხრივ კი, როგორ გაგახარებდათ იმის დანახვა, რომ მას კარგად ადგება თქვენი საჩუქარი და მადლიერიცაა. იეჰოვამაც უდიდესი საჩუქარი გაგვიკეთა – მან თავისი ძე გაიღო ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს განიცდის ის, როცა ხედავს, რომ მადლიერი ვართ ამ ძვირფასი საჩუქრისთვის და იმისთვის, რომ ასე შეგვიყვარა (იოან. 3:16; რომ. 5:7, 8). შეიძლება ჩვენც, ასე ვთქვათ, სადღაც შევინახოთ ღვთის ეს უძვირფასესი საჩუქარი და დაგვავიწყდეს მისი არსებობა? რა თქმა უნდა. თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ხშირად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს და გავიღრმაოთ მადლიერება. w25.01 26 ¶1, 2

პარასკევი, 24 აპრილი

იფიქრე ამ ყველაფერზე, გულმოდგინედ აკეთე ეს ყოველივე და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება (1 ტიმ. 4:15).

ძმა, რომელიც უხუცესად დაინიშნება, არ უნდა იყოს ახალმოქცეული. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძალიან დიდი ხნის მონათლული უნდა იყოთ. თუმცა ფაქტია, მოწიფულ ქრისტიანად რომ ჩამოყალიბდეთ, გარკვეული დროა საჭირო. თქვენ იესოს მსგავსად თავმდაბლები და მომთმენები უნდა იყოთ, რათა დაელოდოთ იმ დროს, როცა იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ თქვენთვის დამატებითი პასუხისმგებლობების მოცემას (მათ. 20:23; ფილ. 2:5–8). რისი თქმა შეიძლება ერთგულებაზე? თუ იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად იცხოვრებთ და ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს მიჰყვებით, დაამტკიცებთ, რომ ერთგული ხართ. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ზედამხედველს უნდა შეეძლოს სწავლება. თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ის გამორჩეულად კარგი მომხსენებელი უნდა იყოს. ბევრი უხუცესი შეიძლება სულაც არ იყოს საუკეთესო მომხსენებელი, მაგრამ ძალიან კარგად ართმევდეს თავს ქადაგების და დამწყემსვის საქმეს. w24.11 23, 24 ¶14, 15

შაბათი, 25 აპრილი

დიდად მიყვარს შენი მცნებები, ოქროზე, თვით ხალას ოქროზე ძვირფასია ისინი (ფსალმ. 119:127).

როცა ბიბლიის კითხვის დროს რომელიმე მონაკვეთს ბოლომდე ვერ იგებთ, კარგი იქნება, გამოიკვლიოთ, შემდეგ კი დღის განმავლობაში იფიქროთ ამ აზრებზე. იმაზეც დაფიქრდით, თუ რა გაიგეთ იეჰოვაზე, იესოზე და თქვენდამი მათ სიყვარულზე (ფსალმ. 119:97). გულს ნუ გაიტეხთ, თუ ბიბლიის კითხვისა და გამოკვლევის დროს ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვერ აღმოაჩენთ. ჩვენ გარკვეულწილად ოქროს მაძიებლებს ვგავართ. ისინი საათებს და დღეებს უთმობენ იმას, რომ ერთი მარცვალი ოქრო მაინც მოიპოვონ. თუმცა ეს დრო ოდნავადაც არ ენანებათ, რადგან კარგად ესმით ოქროს ფასი. რაც შეეხება ბიბლიაში აღმოჩენილ აზრებს, მათ გაცილებით დიდი ფასი აქვს (იგავ. 8:10). ამიტომ ნამდვილად ღირს, მოთმინებით გავაგრძელოთ ბიბლიის ყოველდღიური კვლევა (ფსალმ. 1:2). w25.01 25 ¶14, 15

კვირა, 26 აპრილი

როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).

იეჰოვა მოელის, რომ მზად ვიქნებით, მთელი გულით ვაპატიოთ მათ, ვინც ტკივილს გვაყენებს (ფსალმ. 86:5; ლუკ. 17:4; ეფეს. 4:32). სხვისმა ნათქვამმა ან საქციელმა შეიძლება დიდი ტკივილი მოგვაყენოს, განსაკუთრებით თუ ეს ადამიანი ჩვენი ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრია (ფსალმ. 55:12–14). შეიძლება ისეთი განცდაც კი დაგვეუფლოს, თითქოს დანა ჩაგვცეს (იგავ. 12:18). ბუნებრივია, ჭრილობაში დანას არავინ ჩატოვებს. მსგავსად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ემოციური ჭრილობა თავისით მოშუშდება. როცა ვინმე ტკივილს გვაყენებს, ჩვენი პირველი რეაქცია შეიძლება გაბრაზება იყოს. ბიბლიიდანაც ვიგებთ, რომ ეს ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა ის იმისკენაც მოგვიწოდებს, რომ მოვერიოთ ბრაზს (ფსალმ. 4:4; ეფეს. 4:26). წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ისეთ რამეს გავაკეთებთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგვიხდება (იაკ. 1:20). გახსოვდეთ, პირველი რეაქცია შეიძლება ვერ გავაკონტროლოთ, მაგრამ შემდეგ როგორ მოვიქცევით, ეს ჩვენზეა დამოკიდებული! w25.02 15 ¶4–6

ორშაბათი, 27 აპრილი

სიბრძნე . . . სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს (ეკლ. 7:12)

იესომ მაგალითის მეშვეობით დაგვანახა, რამხელა უგუნურებაა, ადამიანი ფულს აგროვებდეს და ღვთის თვალში არ მდიდრდებოდეს (ლუკ. 12:16–21). არავინ იცის, რას მოუტანს ხვალინდელი დღე (იგავ. 23:4, 5; იაკ. 4:13–15). იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, მზად ყოფილიყვნენ ქონების დასათმობად (ლუკ. 14:33). პირველ საუკუნეში იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწიათ ამ რეალობასთან შეჯახება, მაგრამ სიხარული არ დაუკარგავთ (ებრ. 10:34). ჩვენს დროშიც ბევრმა ძმამ იზარალა ფინანსურად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო (გამოცხ. 13:16, 17). რა დაეხმარა მათ, დათმობაზე არ წასულიყვნენ? მათ ეჭვი არ ეპარებოდათ იეჰოვას დანაპირებში: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5). ასე რომ, კარგია, თუ წინასწარ დავიჭერთ თადარიგს, მაგრამ თუ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდება და დავზარალდებით, ეჭვი არ შეგვეპარება იეჰოვას მზრუნველობაში. w25.03 29 ¶13, 14

სამშაბათი, 28 აპრილი

მაშ, რაკი უკან მოვიტოვეთ ქრისტეს შესახებ მოძღვრების საწყისები, ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ და ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საძირკვლის ჩაყრას (ებრ. 6:1).

იეჰოვას კარგად ესმის, რომ სულიერ მოწიფულობას დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ. ამიტომ იესოს სახით მისაბაძი მაგალითი მოგვცა. კარგად რომ გავცნობოდით იესოს პიროვნებას, იეჰოვას შთაგონებით ოთხი სახარება დაიწერა. ის წმინდა სულითაც გვეხმარება, რომ „ქრისტეს გონება“ გვქონდეს (1 კორ. 2:14–16). ამასთანავე, მან ქრისტიანულ კრებაში ზოგი მწყემსად და მასწავლებლად დანიშნა, რათა დაგვეხმარონ, „გავხდეთ სულიერად ზრდადასრულებულნი და მივაღწიოთ მოწიფულობას, ქრისტეს რომ ჰქონდა“ (ეფეს. 4:11–13). თუ მივიღებთ იეჰოვას დახმარებას და ყველანაირად შევეცდებით იესოს მიბაძვას, შევძლებთ სულიერი მოწიფულობის მიღწევას. თუმცა მოწიფულობისკენ რომ ვისწრაფოთ, უკან უნდა მოვიტოვოთ „ქრისტეს შესახებ მოძღვრების საწყისები“. w24.04 4, 5 ¶11, 12

ოთხშაბათი, 29 აპრილი

ჭკუა დაგიფარავს და გამჭრიახობა დაგიცავს (იგავ. 2:11).

ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ზოგის მიღება საკმაოდ მარტივია, მაგალითად, რას შევჭამთ ან რა დროს დავიძინებთ. თუმცა ყოველთვის ასე მარტივად არაა საქმე. ზოგი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს იმაზე, ვიქნებით თუ არა ბედნიერები და როგორი ჯანმრთელობა გვექნება. ზოგიც ჩვენს ოჯახის წევრებსა და იეჰოვას მსახურებაზე აისახება. ცხადია, გვინდა, ისე მოვიქცეთ, რაც ჩვენთვისაც კარგი იქნება და ჩვენი ახლობლებისთვისაც. რაც მთავარია, გვინდა, ჩვენი გადაწყვეტილებები იეჰოვასთვის იყოს მოსაწონი (რომ. 12:1, 2). სანამ რაიმეს გადავწყვეტთ, აუცილებელია, საჭირო ინფორმაცია მივიღოთ. რატომ ვამბობთ ამას? მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, რომელსაც პაციენტი სერიოზული პრობლემით მიმართავს? სწორი იქნება, მაშინვე დაუნიშნოს მკურნალობა, თუ აჯობებს, ჯერ კარგად გამოკითხოს მდგომარეობა და საჭირო გამოკვლევებიც ჩაუტაროს? მსგავსადვე, თუ თქვენც მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. w25.01 14 ¶1–3

ხუთშაბათი, 30 აპრილი

მოგიტევებს იეჰოვა ცოდვას, არ მოკვდები! (2 სამ. 12:13).

იეჰოვა გულმოწყალეა და „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს“ (2 პეტ. 3:9). როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ ეს ნამდვილად ასეა? გავიხსენოთ, როგორ მოექცა იეჰოვა ორ მეფეს, დავითსა და მენაშეს, რომელთაც სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს. დავითმა იმრუშა და კაცი მოკლა, თუმცა მოინანია და იეჰოვამაც აპატია (2 სამ. 12:1–12). მენაშე კი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება უკიდურესად მძიმე ცოდვებს სჩადიოდა. თუმცა როცა მოინანია, იეჰოვამ მასაც კი აპატია (2 მატ. 33:9–16). როგორც დავინახეთ, იეჰოვა გულმოწყალეა და ყოველთვის მზად არის, აპატიოს მათ, ვინც მთელი გულით ინანიებს. შესაბამისად, ის მკვდრეთით აღადგენს ასეთ ადამიანებს. w24.05 4 ¶12

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება