პარასკევი, 16 ოქტომბერი
ნუ გაგიწევს გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე (იგავ. 7:25).
ის, რაც წიგნ „იგავებში“ მოხსენიებულ ახალგაზრდას დაემართა, შეიძლება ნებისმიერ ქრისტიანს დაემართოს. მაგალითად, ბევრს, ვინც მძიმე ცოდვა ჩაიდინა, თავიდან ეგონა, რომ მოულოდნელად აღმოჩნდა ცდუნების წინაშე და ვერ შეძლო თავის გაკონტროლება. თუმცა მას შემდეგ, რაც გააანალიზეს მომხდარი, მიხვდნენ, რომ, სინამდვილეში, ცოდვას წინ არაერთი არასწორი ნაბიჯი უძღოდა. მაგალითად, შეიძლება ისეთ ადამიანებს დაუახლოვდნენ, რომლებმაც ცუდი ზეგავლენა მოახდინეს მათზე, გართობის დროს მოადუნეს სიფხიზლე, საეჭვო ვებსაიტებს სტუმრობდნენ ან ისეთ ადგილებში დადიოდნენ, სადაც ქრისტიანის ადგილი ნამდვილად არ იყო. მათ შეიძლება ლოცვაც შეწყვიტეს, აღარც ბიბლიას კითხულობდნენ, აღარც კრების შეხვედრებს ესწრებოდნენ და მსახურებაშიც აღარ იღებდნენ მონაწილეობას. დიახ, როცა ქრისტიანი ცოდვას ჩადის, იმ ახალგაზრდისა არ იყოს, ეს მოულოდნელად ნამდვილად არ ხდება. როგორც დავინახეთ, ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ის არ უნდა იყოს, რომ მძიმე ცოდვა არ ჩავიდინოთ. ჩვენ იმასაც უნდა ვეცადოთ, რომ არ გადავდგათ მცდარი ნაბიჯები, რომელიც ცოდვამდე მიგვიყვანდა. სწორედ ამას გაუსვა ხაზი სოლომონმა უგუნურ ახალგაზრდაზე საუბრის ბოლოს (მათ. 5:29, 30). w24.07 16 ¶10, 11
შაბათი, 17 ოქტომბერი
ეს განძი ჩვენ თიხის ჭურჭელში გვაქვს (2 კორ. 4:7).
რა განძზე საუბრობდა პავლე? ეს არის სამქადაგებლო საქმე, რომელსაც ადამიანების გადარჩენა შეუძლია (2 კორ. 4:1). რისი თქმა შეგვიძლია „თიხის ჭურჭელზე“? მასში სასიხარულო ცნობის მქადაგებლები იგულისხმებიან. პირველ საუკუნეში ვაჭრებს თიხის ჭურჭლით გადაჰქონდათ ფული თუ სხვა ღირებული რაღაცები, მაგალითად, მარცვლეული და ღვინო. ჩვენც ფასეული რამ მოგვენდო – სასიხარულო ცნობა. მის გასაცხადებლად საჭირო ძალას თავად იეჰოვა გვაძლევს. Როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვაშინებს ხალხის რეაქცია? გაიხსენეთ, რა გააკეთეს მოციქულებმა, როცა მათ ქადაგება აუკრძალეს. ისინი პანიკაში კი არ ჩაცვივდნენ, იეჰოვას მიმართეს დახმარებისთვის: „ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ“. იეჰოვამაც უპასუხოდ არ დატოვა მათი ლოცვა (საქ. 4:18, 29, 31). თქვენც იეჰოვას სთხოვეთ, შიში მოყვასის სიყვარულით დაგაძლევინოთ. w24.04 16 ¶8, 9
კვირა, 18 ოქტომბერი
ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი (მათ. 6:9).
სატანის გავრცელებული სიცრუის გამო იეჰოვას რეპუტაცია შეილახა (დაბ. 3:1–5; იობ. 2:4; იოან. 8:44). ჩვენ კი გვინდა, რომ მისი სახელის განწმენდაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რადგან გვიყვარს იეჰოვა. ამის კარგ შესაძლებლობას მსახურება გვაძლევს, რადგან ამ დროს შეგვიძლია ხალხს ავუხსნათ, როგორია იეჰოვა სინამდვილეში. ჩვენ გვინდა, ყველას გავაგებინოთ, რომ ის მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია და რომ თავისი სამეფოს მეშვეობით მალე ყველა პრობლემას გადაჭრის, დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს და ყველა ბედნიერი იქნება (ფსალმ. 37:10, 11, 29; 1 იოან. 4:8). გარდა იმისა, რომ მსახურების დროს ღვთის სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი, ჩვენ ჩვენს სახელსაც ვამართლებთ ანუ იმას ვაკეთებთ, რაც მოგვეთხოვება. w24.05 17 ¶12